მე–7 დღე

71,4 კილო

ბოლო ორ დღეში დავიკელი 100 გრამი. არ არის საკმარისი. წესით დღეში მინიმუმ 100 გრამს უნდა ვიკლებდე. ზუსტად არ ვიცი რისი ბრალია, შეიძლება იმის რომ არ დავდივარ ფეხით 30 წუთი დღეში, როგორც დიეტაშია გამოწერილი.

დღეს ბათუმში მივდივარ მეგობრებთან ერთად 5 დღით და ვრგრძნობ მძიმე დღეები მექნება ცდუნების მხრივ. ვეცდები არ დავარღვიო დიეტა. რომ ჩამოვალ ავიწონები და ის ციფრი რომელიც სასწორზე დაიწერება იმედია დღევანდელზე ნაკლები იქნება. არ უნდა დამავიწყდეს საკუთარი მიზანი!!

ეხლა კი წავედი ბათუმში…

Posted in ჩემი დიეტა დღითი დღე | 3 Comments

ამონარიდი დუკანის წიგნიდან

“ამ თეორიულ პრეამბულაში, ასევე ვცადე ამეხსნა თქვენთვის, რომ არ ვართ მსუქნები შემთხვევით და რომ თქვენი ზედმეტი წონა, რომლის მოშორებასაც დღეს აპირებთ, არის თქვენი ნაწილი რომელზეც უარს ამბობთ, მაგრამ ის არის ანარეკლი თქვენი ბუნების, თქვენი ფსიქიკის, ესე იგი თქვენი იდენტობის.

წონა დამოკიდებულია თქვენს გენეტიკაზე და თქვენს ოჯახურ მიდრეკილებაზე გასუქდეთ, არანაკლებ დამოკიდებულია თქვენს ისტორიაზე, თქვენი მეტაბოლიზმის ფუნქციონირებაზე, თქვენს ხასიათზე, თქვენს აფექტურობასა და თქვენს ემოციებზე და ხშირად, იმ განსაკუთრებულ ქცევაზე, რომელიც საჭმლისგან მონიჭებულ სიამოვნებას იყენებს ცხოვრების პატარა თუ დიდი უსიამოვნებების გადასაფარავად.

აქედან გამომდინარეობს, რომ ეს საქმე არ არის ისეთი იოლი, როგორიც ჩანს და ეს ხსნის თუ რატომ ამდენმა ადამიანმა თქვენს ირგვლივ, და იქნებ თქვენც წარსულში, წარუმატებლობა განიცადეთ და რატომ აღმოჩნდა ამდენი დიეტა უშედეგო.

ბრძოლა ასეთი ძლიერი და არქაული ძალის წინააღმდეგ, როგორიცაა ჭამის მოთხოვნილება, ძალის რომელიც თითქმის ცხოველურია, რომელიც მოდის სიღრმიდან და არის დაუცხრომელი, რომელიც არ ითვალისწინებს არანაირ რაციონალურ არგუმენტებს, თავისთავად არ შიეძლება დაეყრდნოს უბრალო რაციონალურ სწავლებას კვების შესახებ, მსუქანი როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს და რა იმედებიც არ უნდა ჰქონდეს, რომ მოახერხებს საკუთარი თავის ავტოკონტროლს.

ინსტინქტის ძალასთან შეჭიდებისთვის, მას უნდა ებრძლო მისივე ტერიტორიაზე, ინსტიქტების რეგისტრიდან გამოსული საშუალებებებით, მეტყველებითა და არგუმენტებით.

მოთხოვნილება იყო მომხიბვლელი, კეთილდღეობის მოთხოვნილება, ავადმყოფობის შიში, მოთხოვნილება მიეკუთვნებოდე ჯგუფს და ამ ჯგუფის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდე – ესენია ის ერთადერთი ინსტინქტური დაბრკოლებები, რომლებსაც დღეს შეუძლიათ მსუქნის მოტივირება და მობილიზაცია, მაგრამ ისინი მაშინვე ქრებიან როგორც კი პირველი გაუმჯობესება ჩნდება, როგორც კი ტანსაცმელი ოდნავ მოიფლაშება, კიბეების ასვლისას ჰაერის უკმარისობა ისეთი შემაწუხებელი აღარ არის.

იმისთვის რომ დიეტა ან გლობალური გეგმა მსუქანმა მიიღოს და დაიცვას, აუცილებელია გამოვიყენოთ სხვა ინსტიქტური სტიმული – ავტორიტეტის არგუმენტი.

გასახდომი გეგმის შემოთავაზება  ესე იგი უნდა იყოს ფორმულირებული გარე ავტორიტეტის მიერ, ნება რომელიც ჩაენაცვლება მისას [მსუქნისას] და გამოიხატება კონკრეტულ წესებში, რომლებიც არ იძლევიან ინტერპრეტაციისა და ვაჭრობის საშუალებას და რაც მთავარია შენარჩუნებული უნდა იყოს მისაღები ფორმა იმდენი ხნის განმავლობასი რამდენიც დასჭირდება სასურველი შედეგის მიღწევას.

მე ავაგე დუკანის გეგმა ალტერნატიულ პროტეინების შეუდარებელ ეფექტურობაზე, ის მოვარგე წლების განმავლობაში მსუქნის განსაკუთრებულ პროფილს, მოვუმზადე უცვლელი წესების ქსელი, რომელიც იყენებს ექსესიურ და მგზნებარე ბუნებას, მის ჰეროიკულობას და დასაწყისის ენთუზიაზმს და რომელიც აკომპენსირებს მის ძალისხმევაში მერყეობას. “*

*Pierre Dukan, Je ne sais pas maigrir, გამომცემლობა J’ai lu 2010, გვ. 68–69

Posted in დუკანის დიეტა | Leave a comment

მე–5 დღე

71,5 კილო

დავიკელი 400 გრამი ორ დღეში. ცოტაა, გულიც კი დამწყდა სასწორმა რომ ეს წონა მიჩვენა. მაგრამ უნდა შევეგუო, რაც დრო გავა მით უფრო ნაკლებს დავიკლებ და უნდა ვისწავლო, რომ დღეში დაკლებული 100 გრამითაც კმაყოფილი დავრჩე. ეს იმიტომ რომ ჰორმონალურ მკურნალობის ქვეშ ვარ და წამლები არ მაძლევენ საშუალებას დავიკლო წონაში, გარკვეულწილად მათი დამსახურებაა დღეს რომ ამ სისქე ვარ.

მთლიანობაში ნორმალური დასაწყისია – შეტევის ფაზაში, რომელიც 4 დღე გაგრძელდა, დავიკელი 1 კილო და 200 გრამი. დღეიდან  მგზავრობის ფაზაში ვარ.

Posted in ჩემი დიეტა დღითი დღე | 2 Comments

მე–2 დღე

71,9 კილო

ორ დღეში დავიკელი 800 გრამი. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

გუშინდელი დღე გამიჭირდა. მთელი დღე სუსტად ვგრძნობდი თავს. საღამოს კი ქორწილში ვიყავი და დავარღვიე. სანამ ნამცხვრებს შემოიტანდნენ მხოლოდ თევზი და ხორცი ვჭამე, მაგრამ ნამცხვრების ცდუნებას ვერ გავუძელი. ვიცოდი, რომ დიეტაზე ყოფნის დროს მომიწევდა ქორწილში წასვლა და ვფიქრობდი, რომ ეს საფრთხეს სულაც არ წარმოადგენდა, რადგან ადრეც ვყოფილვარ სუფრებზე და არ დამირღვევია დიეტა.

ის ვერ გავითვალისწინე, რომ დიეტის დასაწყისში ბევრად უფრო რთულია. პირველი 3 დღე უნდა მოერიდო ყველანაირ ცდუნებას.

დღეს ისევ ვაგრძელებ ზედმიწევნით დიეტის დაცვას.

Posted in ჩემი დიეტა დღითი დღე | Tagged , | Leave a comment

დღე პირველი

დიეტაზე ვარ.

არ მშია, მაგრამ სულ საჭმელზე მეფიქრება. იმის გააზრება, რომ შეზღუდული ვარ დისკომფორტს მიქმნის. ამის მიუხედავად ჯერ მაინც არ მიჭირს. ისე ვგრძნობ თავს როგორც ყოველთვის.

დიეტის დასაწყისში ვარ 72,7 კილო, ანუ 27,03 IMC* და ძალიან შორს ვარ 90–60–90 სტანდარტისგან.

დუკანის პირველ ეტაპზე ვარ, ანუ შეტევის ეტაპზე. მხოლოდ პროტეინების მიღების უფლება მაქვს. შემიძლია ვჭამო უცხიმო ხორცეული, თევზეული, რძის ნაწარმი…

ახლა მეგობრებთან ერთად რესტორანში მივდივარ. მე იქ მწვადს შევჭამ საქონლის, ხბოს ან ქათმისას  და დავაყოლებ კოკა–კოლა “ლაითს”. გავმხიარულდები და სულ დამავიწყდება, რომ თავისუფლებაზე (ჭამის თავისუფლებას ვგულისხმობ) ვთქვი უარი.

*IMC= kg/cm2

Posted in ჩემი დიეტა დღითი დღე | 4 Comments

როგორ აღმოვაჩინე დუკანის დიეტის შესახებ და როგორ აღმოაჩინა დუკანმა, რომ შეუძლია ადამიანებს გახდომაში დაეხმაროს

ჩემს მეგობარს საფრანგეთიდან ესტუმრა ამხანაგი – მარიანი, რომელთან ერთადაც რომელიღაც კაფეში ვისხედით ერთერთ საღამოს. არ მახსოვს როგორ ჩამოვარდა საუბარი დიეტასა და გახდომაზე, ალბათ მე გავახმოვანე ჩემი სურვილი დავიკლო რამდენიმე კილო, ეგრე იქნებოდა რადგან მარიანი უტაქტო გოგო არ არის.

მან მაშინ მითხრა, რომ საფრანგეთში არის ძალიან გავრცელებული დიეტა, რომელიც ძალიან მოდაშია, ყველა მას იცავს და ძალიან დიდი ხანია უკვე ასეა. მისი და და დედაც მაგ დიეტაზე ყოფილან და მის დას ორ თვეში 12 კილო დაუკლია!! მოკლედ, ძალიან კმაყოფილები არიანო. ასე გავიგე დუკანის დიეტის შესახებ.

მარიანმა მითხრა, რომ აუცილებლად გამომიგზავნიდა დუკანის წიგნს სახელად “არ ვიცი როგორ გავხდე”*, სადაც მას დაწვრილებით აქვს ახსნილი მისი დიეტის პრინციპები. საფრანგეთში ეს წიგნი უკვე 10 წელია გამოსულია და თურმე დღესაც ის გაყიდვების თავშია, ის მეორე ადგილზეა ჰარი პოტერის შემდეგ.

დუკანს კი თავისი ნიჭი ადამიანებს დაეხმაროს გახდომაში აღმოუჩენია დიდი ხნის წინ, მაშინ როდესაც ჯერ ნევროლოგიაში მუშაობდა. ერთ დღეს მასთან მსუქანი მეგობარი მივიდა თხოვნით, იქნებ წონის დაკლებაში დამეხმაროო, ოღონდ ხორცი ძალიან მიყვარს და მაგას ნუ ამიკრძალავო, სხვა რასაც გინდა ყველაფერს გავაკეთებო. მისი დაჟინებული თხოვნის გამო დუკანმა დაავალა მომდევნო 5 დღე ხორცის გარდა სხვა არაფერი ეჭამა. ხუთი დღის შემდეგ მიღებულმა შედეგმა ძალიან გააოცა ორივე. დროთა განმავლობაში დუკანმა დიეტა დახვეწა და ასე წარმოიშვა მისი პროტეინების დიეტა.

დუკანის დიეტა 4 ეტაპად იყოფა:

  1. შეტევა, მოკლე და ეფექტური
  2. მგზავრობა, სასურველ წონის მიღწევამდე
  3. შენარჩუნება, 10 დღე დაკლებულ თითო კილოზე
  4. საბოლოო სტაბილიზაცია, კვირაში ერთხელ პროტეინების დღე

შემდგომ უკვე დაწვრილებით დავწერ დუკანის დიეტის შესახებ.

* Je ne sais pas maigrir, Dr Pierre Dukan

Posted in დუკანის დიეტა | 10 Comments

მსუქანი ვარ

სხვადასხვა მიზეზით ვსუქდებით და სხვადასხვა მიზეზის გამო გვინდა ვიყოთ “ფორმაში”.

ჩემს შემთხვევაში, გასუქების მიზეზი აუარებელია და ახლა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია: ვარ მსუქანი!

აღიარება ყველაზე რთულია მაშინაც კი, როდესაც სახლში ბევრი და დიდი სარკე გაქვს და მაშინაც, როდესაც ამას ირგვლივ მყოფნი ხშირად გიმეორებენ.

დღეს მე 24 წლის ვარ 164 სანტიმეტრი სიმაღლის და 72,7 კილო.

13,5 კილოთი უფრო მეტი ვიდრე უნდა ვიყო.

უკვე რამდენიმე წელია ვებრძვი ჩემს წონას, ჭამის სურვილს, ცხოვრების წესს, სიზარმაცეს, რომ ისევ ვიყო ლამაზი და ჯანმრთელი.

ამ ზაფხულს კი გადავწყვიტე, რომ ეს იქნება ბოლო ცდა. ამ ჯერად მიზანს მივაღწევ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

დიეტა უკვე ავირჩიე. ეს არის დუკანის დიეტა. დუკანი ფრანგი დიეტოლოგია, მისი დიეტა კი საფრანგეთში უკვე 10 წელია საოცრებებს ახდენს (ესე ამბობენ).

ბლოგიც უკვე შევქმენი. ეს ბლოგი უნდა გახდეს ჩემი სტიმული და არ მომცეს დანებების საშუალება. ამიტომ ვეცდები ხშირად განვაახლო ის და ვწერო ბევრი ამ დიეტის, ჩემი გამოცდილების და ყველაფერი დანარჩენის  შესახებ რაც გახდომას ეხება.

ახლა დროა დიეტა დავიწყო…

Posted in Uncategorized | Tagged , , , | 12 Comments